„ჩაინა ლილო სითის“ ტერიტორიაზე, ხანძრიდან მესამე დღეს, ბაზრობის მესაკუთრესა და დირექტორს, ჯერჯერობით, ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა კვლავ არ ეძლევათ. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მათ ადგილზე, სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ შეუშვებენ. მათი ინფორმაციით, ტერიტორიას კვლავ სამართალდამცავები იცავენ. გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ, ატარებდნენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს იმისთვის, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი დადგინდეს.
ბაზრის დირექტორის განცხადებით, დღეს უკვე ადგილზე სასაქონლე ექსპერტებს ელოდებიან, რის გამოც მოვაჭრეებს კვლავ არ ეძლევათ ტერიტორიაზე შესვლის, დასუფთავებისა და მუშაობის განახლების შესაძლებლობა. პარალელურად, ექსპერტების დასკვნას ელოდება ლაურა ღაჭავა, რომელიც გეგმავს, რომ ამ პროცესში უცხოელი ექსპერტები ჩართოს, მისი ინფორმაციით, ევროპიდან 2-3 დღეში ექსპერტის ჩამოყვანას მოახერხებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 14-15 ინდმეწარმის მაღაზიები და საწყობებია დამწვარი.