სტიქიასთან ათდღიანი ბრძოლის შემდეგ ბორჯომის ხეობაში ცეცხლის მხოლოდ რამდენიმე მცირე კერა რჩება.
ეს არის სოფელ ქვაბისხევსა და აწყურს შორის მდებარე ტერიტორია, სადაც მაღალი ტემპერატურის და ქარის გამო უკვე ჩამქრალი მცირე უბნების ხელახლა გაღვივება მოხდა. ძირითადი კერები კი თითქმის სრულად ლიკვიდირებულია. წინასწარი მონაცემებით, დაიწვა ტყის 150 ჰექტარი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება შავნაბადას მთაზეც. ტყისა და მინდვრის ტერიტორიაზე გავრცელებული ცეცხლის კერები ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დაიწვა თელეთის ქედზე ხელოვნურად გაშენებული წიწვოვანი ტყის ნაწილი.
დაუდევრობა, მაღალი ტემპერატურა თუ დივერსია, – რამ გამოიწვია ერთდროულად ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი ხანძრის გაჩენა – გამოძიება დაწყებულია. ქვეყნის პრემიერი დესტრუქციული ძალების მხრიდან დივერსიას არ გამორიცხავს.