ქვეყნის მასშტაბით, ტყისა და მინდვრის ხანძარი ექვს ლოკაციაზე ფიქსირდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი ღამის განმავლობაში აქტიური კერების მონიტორინგს აწარმოებდა. სწორედ ღამის განმავლობაში გაჩნდა ორი ახალი კერა. ერთი იმერეთში, ერთიც სამეგრელოში, მარტვილში, სოფელ ბალდაში, იმ ფერდის სიახლოვეს, სადაც მეხანძრე-მაშველებმა ორი დღის წინ ჩააქრეს ხანძარი. ადგილზე სალოკალიზაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ბალდას გარდა, ერთი კერაა დობერაზენში და ორი წალენჯიხაში, სოფელ სქურში. სქურში ორივე კერა ლოკალიზებულია.
ხანძარი ლოკალიზებულია შიდა ქართლში. რკონის ხეობაში, რთულ მონაკვეთებთან, მიყვანილია წყლის მაგისტრალები და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები. ღამის განმავლობაში ახალი კერა გაჩნდა იმერეთში, საჩხერეში, სოფელი ვაკისაში. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის მინდვრის და ტყის ხანძრების ქრობის პროცესში ჩართულია 500 მეხანძრე-მაშველი. ამასთან, დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი და მშრალი ამინდია, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.