ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაჩენილი ხანძრის 19 კერიდან 11 უკვე ლიკვიდირებულია, დარჩენილ რვა კერაზე სამუშაოები გრძელდება. დავითიანსა და ნარაზენში ცეცხლი ეკალბარდს გაუჩნდა, თუმცა ძლიერი ქარის გამო ხანძრის ჩაქრობა გართულდა, რის გამოც დავითიანში კერძო მესაკუთრეთა თხილის და მოცვის პლანტაციები დაიწვა. სოფელ კახათში კი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილზე მუშაობენ რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველები, ასევე ბრიგადები ჩავიდნენ გურიის, იმერეთისა და აჭარის სახანძრო-სამაშველო სამსახურებიდან. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა ელექტრომომარაგებასაც, დენის მიწოდება ამ დროისთვის უკვე აღდგენილია. რაც შეეხება დაზარალებულთა დახმარებას, ამ საკითხზე ზარალის შემსწავლელი კომისია შეიქმნება.