ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. ცეცხლი რთულად მისადგომ რელიეფზეა, იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის ახალი კერების გაჩენას ხელს უწყობს მაღალი ტემპერატურა და ნიავი. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან 10 კილომეტრშია და სოფელში მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები და ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო თავდაცვის ძალები და ავიაციაც. შილდის ტყეში ხანძარი სამი დღის წინ გაჩნდა, დამწვარია რამდენიმე ათეული ჰექტარი ფართობი.