ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ქრობის ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის ყველაზე რთული ვითარება ქვაბისხევსა და აწყურს შორის მდებარე მთის ფერდობზეა. დილის ექვსი საათიდან განაახლეს მუშაობა ვერტმფრენებმა. ადგილზე რჩებიან მაშველები და აქტიური კერების ჩაქრობას ცდილობენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ ხანძრის ძირითადი ნაწილი უკვე ლიკვიდირებულია.