„ხალხის ძალის“ მეორე სადავო კანონპროექტი

ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს. უცხოური გავლენის აგენტთა შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ სადავო კანონპროექტს „ქართული ოცნება“ პრინციპების დონეზე მხარს დაუჭერს. თუმცა, დღეს ცნობილი ხდება, რომ საპარლამენტო განხილვების დროს დეპუტატებს ორი პროექტის განხილვა მოუწევთ. კანონპროექტის ავტორებმა გადაწყვიტეს, რომ ამერიკაში უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის შესახებ კანონი თარგმნონ და მისი ზუსტი ანალოგიც წარადგინონ. ამ ნაბიჯით მმართველი პარტიიდან გასულ დეპუტატებს იმის დემონსტრირება სურთ, რომ მათ მიერ მომზადებული ინიციატივა ამერიკულ კანონთან შედარებით ბევრად შერბილებულია. სწორედ ამ არგუმენტით მმართველი გუნდი ამერიკული მოდელის ქართულად თარგმნილი კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს. აგენტებად გამოცხადებით ადამიანების სტიგმატიზაცია, რუსული კანონმდებლობის დანერგვა, დემოკრატიის დასამარება და მესამე სექტორის კონტროლი – ასეთია შეფასებები ოპოზიციიდან. ინიციატივის დასაბლოკად ხელმოწერებს აგროვებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.