“ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობისა და ქრისტიანების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, ხოლო სქესობრივ ცხოვრებას არავითარი მორალური ზღვარი არა აქვს. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელმაც იცის საკუთარი სუვერენიტეტისა და იდენტობის, დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი. „ჩვენ პირველად ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გამოვთქვით ჩვენი პროგნოზი იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებამდე ორიოდე დღით ადრე ან არჩევნებიდან ორიოდე დღეში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე გვეტყვიან უარს, რომ ან არჩევნების შედეგებზე მოახდინონ კოლექტიური ნაცმოძრაობის სასარგებლო გავლენა ან არჩევნების შემდეგ რევოლუციის მოწყობა სცადონ. თუმცა, როგორც 2022 წელს დავპირდით ქართულ საზოგადოებას, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, ზუსტად იგივე პირობა შეგვიძლია მივცეთ ხალხს მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებითაც. როგორც შარშან გავხადეთ ისინი იძულებული მოეცათ კანდიდატის სტატუსი, წელს თუ არა გაისად ზუსტად ასევე მოუწევთ გაგვიხსნან მოლაპარაკებებიც, რასაც დიდი ფასი ისედაც არა აქვს. საქართველოს სჭირდება ევროპა, რომელიც ჩვენთვის მრავალი თვალსაზრისით მისაბაძი მაგალითია. საკმარისია, ევროპამ აგენტოკრატია და უკრაინის ომთან დაკავშირებული კრიზისი დაძლიოს და მის ხელახალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ აღმასვლას ვერაფერი დაუდგება წინ. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ დღეს ევროპას არანაკლებ სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროპა. ჩვენი გამოცდილებით ჩვენ შეგვიძლია ევროპას აგენტოკრატიისგან თავის დაღწევაში დავეხმაროთ, რაც ძველი, ტრადიციული, დემოკრატიასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული, მყარი იდენტობის მქონე ევროპის დაბრუნების აუცილებელი პირობაა. დარწმუნებული ვართ, სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში საქართველო გახდება პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული აღმასვლის გზაზე ხელახლა შემდგარი ევროკავშირის წევრი, რაც თითოეული ჩვენგანი უდიდესი ოცნებაა“, – ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.