საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები და ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს და უკრაინის ნატოში ინტეგრაციის პროცესის შეფერხების მიმართულებით განხორცილებული ქმედებები და აგრესიული რიტორიკა განიხილეს. ხაზი გაესვა, რომ მიუღებელია ნებისმიერი მესამე მხარის მიერ ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების რევიზიასთან დაკავშირებული განცხადებები და ამ პროცესზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. ასევე აღინიშნა, რომ დღეისთვის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია, ანექსია და ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გახშირებული აგრესიული რიტორიკის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოზიციების მუდმივი კოორდინაცია და შეთანხმებული ნაბიჯების გადადგმა.
ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.