კატასტროფათა რისკის შემცირების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თბილისში ახალგაზრდული ღონისძიება გაიმართა. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა სკოლის მოსწავლეებმა და სტუდენტებმა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე იმსჯელეს და მათ მიერ წამოწყებული ადგილობრივი ინიციატივები წარადგინეს. შეკრების ბევრი მონაწილე სხვადასხვა წლებში ჩართული იყო საზაფხულო ბანაკში „ახალგაზრდა კლიმატის ელჩები“, რომელმაც გარემოსდაცვითი განათლების პლატფორმა შექმნა საქართველოს ახალგაზრდებისთვის. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, ღონისძიების მონაწილეებმა და სტუმრებმა ისაუბრეს ახალგაზრდული გარემოსდაცვითი აქტივიზმის განვითარებაზე. დისკუსია დაიწყო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „გმადლობთ ამ სამყაროსთვის“ ჩვენებით, რის შემდეგ შეხვედრა გაიმართა ვიდეო-პროექტის შემქმნელებთან.