საარჩევნო კანონმდებლობის უფრო ფართო პოლიტიკური მხარდაჭერის არ არსებობას ნეგატიურად აფასებს ევროკავშირის ელჩი. კარლ ჰარცელის თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტს, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, ევროკავშირის წარმომადგენლობა აქტიურად უჭერდა მხარს. მისივე თქმით, სასურველი იქნებოდა უფრო ამბიციური რეფორმების განხორციელება ეუთო/ოდირის მიერ რეკომენდებულ საკვანძო სფეროებში, როგორებიცაა ამომრჩეველზე ზეწოლა, დავების განხილვა და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება.
„ვწუხვარ, რომ ახალი საარჩევნო კანონმდებლობის უფრო ფართო პოლიტიკური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული“ – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.
პარლამენტს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე დაფუძნებული საარჩევნო პაკეტის მიღებას ულოცავს ამერიკის საელჩო. განცხადებაში ნათქვამია, რომ დიპლომატიურმა მისიამ სიამოვნებით დაუჭირა მხარი ინკლუზიურ საარჩევნო რეფორმებზე მომუშავე ჯგუფის დისკუსიებს, თუმცა განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ კანონში ზოგიერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი მაინც რჩება. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას მმართველი გუნდი და ოპოზიცია ეხმაურება.