კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 18-22 აპრილს საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების წევრებისათვის თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბოლში შოტოკანის მე-9 ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსება გამოიყო. მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო ოთხმა სპორტსმენმა, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბ-მ, 2018 წლის 27 აპრილს და 28 მაისს, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარადგინა ყალბი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ ჩემპიონატზე თითქოსდა საქართველოს ეროვნული ნაკრების 10 დელეგატი იყო მივლინებული.

ხსენებული გზით და სამინისტროს მოტყუებით, კახა ბ-მ 6 მონაწილის გასამგზავრებლად გამოყოფილ 10 441 ლარს დაეუფლა.