გასული წლის ზაფხულში ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მწვავე კრიტიკისა და ბრალდებების მიზეზი ხდება.
საუბარია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის და რუსეთის სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სატელეფონო დიალოგზე, სადაც მხარეები ყაზბეგი-ლარსის გამშვებ პუნქტზე შექმნილ რთულ ვითარებას და მისი მოგვარების გზებს განიხილავენ. ოპოზიცია შემდგარ კომუნიკაციას სახელმწიფოებრივი ინტერესების ღალატს უწოდებს და მმართველ გუნდს რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებში ადანაშაულებს. მმართველ გუნდში კი ღიად აცხადებენ, რომ ყოველთვის ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებენ. ის, რომ კომუნიკაცია მართლაც შედგა, ადასტურებს ზურაბ აბაშიძეც და აცხადებს, რომ კარასინს პრაღის ფორმატის ფარგლებში ესაუბრა.