მმართველი გუნდი ერთი კვირის წინ დაანონსებული გეგმის სისრულეში მოყვანას იწყებს. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი პოლიტიკური ვნებათაღელვის მიზეზი ხდება. ბარიერგადალახულ ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც პარლამენტში არ შევა, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან დროებით შეუჩერდება.
კანონპროექტის მიღმა, ოპოზიციის ნაწილი შანტაჟისა და მუქარის ნიშნებს ხედავს. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არ გაუკრიტიკებია მხოლოდ იმ ორ ოპოზიციურ პარტიას, რომლებმაც ბოიკოტის გამო ცესკო-ს დაფინანსების მიღების თხოვნით თავიდანვე არ მიმართეს. განსხვავებით დანარჩენი ოპოზიციისგან, რომელიც მათ მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგებით განსაზღვრული დაფინანსების მიღებაში პრობლემას ვერ ხედავენ.
ახალი კანონპროექტის მიხედვით, ხელფასს ვერ მიიღებენ პარლამენტის ის წევრებიც, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან, დაფინანსება შეწყვეტილი პარტიები კი 2021 წელს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უფასო სარეკლამო დროით ვეღარ ისარგებლებენ.
კანონპროექტი დიქტატურის დამყარების მცდელობად შეაფასა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ – შალვა ნათელაშვილი მშვიდობიანი ფორმებით ხელისუფლების დამხობაზე ალაპარაკდა, სახალხო პარლამენტის შექმნა დააანონსა და მოლაპარაკების ჩაშლის ინიციატივით გამოვიდა.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას შემაშფოთებელი უწოდეს მესამე სექტორში. 11 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ინიციატივის მიზანი ოპოზიციური პარტიებისთვის სანქციების დაწესებაა.