კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“

 მომავალი კვირიდან პარლამენტში კიდევ ერთი რეზონანსული კანონპროექტის განხილვა დაიწყება – ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის სახელით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად დარეგისტრირდა. ხელისუფლება ინიციატივის მიზნად ფსევდოლიბერალური და ლგბტ პროპაგანდისგან დაცვას ასახელებს.

ცვლილებათა პაკეტი კონკრეტულ აკრძალვებს და შეზღუდვებს ადგენს – მათ შორის იგულისხმება სქესის შეცვლის მიზნით დაგეგმილი მანიპულაციები, ასევე ერთსქესიანი წყვილების ქორწინება თუ მათ მიერ შვილის აყვანა. შეზღუდვებია საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვისაც. ოპოზიცია კონკრეტული შეფასებებისგან თავს იკავებს და ძირითადად ზოგად განცხადებებს აკეთებს, თუმცა, ცნობილია, რომ მათი დიდი ნაწილი განხილვებში მონაწილეობას არ აპირებს.