„ამნისტიის შესახებ“ კანონზე, რომელიც პარლამენტმა ერთი კვირის წინ მიიღო, პრეზიდენტს ხელი ამ დრომდე არ მოუწერია. აღნიშნულის გამო სალომე ზურაბიშვილს მმართველი გუნდი აკრიტიკებს. მათი განცხადებით, ეს არის სახელმწიფოებრივი უპასუხისმგებლობა და დანაშაული ადამიანების მიმართ, რომლებიც ამნისტიის მოლოდინში არიან. კანონის მიღების შემდეგ სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება შეეხება სისხლის სამართლის. კოდექსის 300-მდე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამნისტია არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და ზოგიერთ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.