ამნისტიის კანონპროექტის განხილვა პარლამენტში

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლამ ამნისტიის კანონპროექტის გარშემო ვნებათაღელვა და უთანხმოება კიდევ უფრო გაამწვავა.

პოლიტიკური ძალა, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს არ აწერს, ამავე დოკუმენტის პირველივე პუნქტში ჩაწერილი ამნისტიის აქტის მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. რამდენიმე კონსულტაციის და ხმაურიანი განხილვის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ პროექტი მეორე მოსმენით კენჭისყრაზე უცვლელი სახით და ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე მიიღეს. 77 მომხრე, 23 წინააღმდეგი – ჩანაწერი, რომლის ამოღებას ოპოზიციის ნაწილი ითხოვდა, დარჩა. ამნისტიის აქტის გასავრცელებლად 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული პირი ამნისტიაზე უარს არ უნდა ამბობდეს. კენჭისყრას წინ მწვავე დებატები უძღოდა. სიტუაცია ტრიბუნასთან ნიკა მელიას გამოსვლის შემდეგ გამწვავდა. მოხდა რამდენიმე სიტყვიერი დაპირისპირებაც. ორი წლის წინ განვითარებული მოვლენები, რაზეც საერთაშორისო მედიატორმა მხარეებს ამნისტიის აქტის მიღება ურჩია, დღეს დარბაზში ურთიერთბრალდებების და ხმაურიანი გამოსვლების მთავარ თემად იქცა.