კანდიდატის სტატუსის პერსპექტივა და პოლარიზაცია

მოლდოვის დედაქალაქში ჩატანილი მთავარი გზავნილი და არაერთგვაროვანი რეაქციები თბილისში – კიშინაუდან ოპტიმისტური პროგნოზებით დაბრუნებული საქართველოს პრემიერი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ქვეყანაში დეპოლარიზაციის მთავარ წინაპირობად აცხადებს.

მოთხოვნა, რომლითაც ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ჩამონათვალი იწყება, დავალების მიღებიდან ერთი წლის თავზეც შეუსრულებელია. ევროპული საბჭოდან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების თარიღის მოახლოებასთან ერთად პოლარიზაცია შემცირების ნაცვლად სულ უფრო იზრდება, რაზეც ხელისუფლება და ოპოზიცია პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. „ქართული ოცნების“ განაცხადს, რომ სტატუსი შიდა პოლიტიკურ მღელვარებას დაასრულებს, ოპონენტების ნაწილი არ ეთანხმება და ამ გზავნილს მიღმა მმართველი პარტიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გადაფარვის მცდელობის კვალს ხედავს. ხელისუფლება ივნისის ბოლოსთვის ყველა რეკომენდაციაზე მუშაობის დასრულებას აანონსებს და ეს მაშინ, როცა პუნქტების დიდ ნაწილს ამ დრომდე შეუსრულებლად მიიჩნევს ოპოზიცია. ამ ფონზე როგორი იქნება დეკემბერში ევროპელი ლიდერების გადაწყვეტილება – პროგნოზები განსხვავებულია.