მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს – ამის შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება დეკემბერში გახდება ცნობილი, თუმცა, მანამდე საქართველო ევროკომისიის 8 ნოემბრის დასკვნის მოლოდინშია. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში პროგნოზები ძირითადად ოპტიმისტურია – ხელისუფლების ოპონენტები დადებითი გადაწყვეტილების ალბათობას საზოგადოების დამსახურებას და გეოპოლიტიკურ სიტუაციას უკავშირებენ, ხოლო სტატუსის ვერ მიღების შემთხვევაში, მთავარ მიზეზად – „ქართულ ოცნებას“ ასახელებენ. რაც შეეხება მმართველ პარტიას – ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ქვეყანა სტატუსს მიიღებს და ამის თქმის საფუძველს კი მათ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ფარგლებში მიღებული კანონპროექტები აძლევთ.