„თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს მოხდება იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს და გეოპოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს ამას“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს.
ევროპარლამენტარი „ტვიტერში“ ავრცელებს ელენე ხოშტარიას „ტვიტს“ თბილისის მერ კახა კალაძის განცხადების შესახებ, რომელშიც ხოშტარიას თქმით, კალაძე აცხადებს, რომ თუ კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ, მოხარული იქნება, მაგრამ თუ არა, არც ეს იქნება პრობლემა. ოპოზიცია ხელისუფლებას ღიად ადანაშაულებს, რომ ყველაფერს აკეთებენ, რათა კანდიდატის სტატუსი საქართველომ არ მიიღოს. საპასუხო ბრალდებებს უყენებს ოპოზიციას მმართველი გუნდი. ვიოლა ფონ კრამონის სტატუსთან დაკავშირებით კი თბილისის მერი აცხადებს, რომ სტატუსის მიღება ნამდვილად იქნება საქართველოს მოსახლეობის და ხელისუფლების დამსახურება.