კანდიდატის სტატუსი - რეკომენდაციებზე მუშაობა

კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველო ახალ ეტაპზე გადასასვლელად ემზადება. მოლაპარაკებების გასახსნელად ქართულმა მხარემ ის ცხრა ახალი დავალება უნდა შეასრულოს, რომელიც საქართველომ ევროკომისიისგან 8 ნოემბერს მიიღო. ოფიციალური თბილისი დარწმუნებულია, რომ წევრობაზე მოლაპარაკებები ევროკავშირთან 2024 წლის დეკემბერში გაიხსნება.

რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა მთავრობამ უკვე შეიმუშავა და ევროკომისიისგან უკუკავშირს ელოდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სამუშაო პროცესში კარი ყველასთვის ღიაა. თუმცა, შეძლებს თუ არა ქართული პოლიტიკური სპექტრი ინკლუზიური პროცესის შექმნას – საკითხის მიმართ ოპოზიციაში განსხვავებული პოზიციები აქვთ.