ისტორიული თარიღი ახლოვდება – ევროკომისიის 8 ნოემბრის დასკვნამ და დეკემბერში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე ორწლიან პოლიტიკურ ვნებათაღელვას წერტილი უნდა დაუსვას.
მიენიჭება თუ არა ამჯერად საქართველოს სტატუსი – მოლოდინი და პროგნოზები ძირითადად ოპტიმისტურია. იმედის მომცემი გზავნილები იკითხება ცალკეულ ევროპელ ლიდერთა ბოლოდროინდელ განცხადებებშიც. ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელიც პოზიტიურ მოლოდინს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ფარგლებში მიღებული კანონპროექტებით ამყარებს, ოპოზიცია დადებითი გადაწყვეტილების ალბათობას მხოლოდ საზოგადოების დამსახურებას და გეოპოლიტიკურ სიტუაციას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სტატუსის ხელოვნურად დაბლოკვის მცდელობაში ოპოზიციის ნაწილი თავად რამდენიმე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ამხილა, ხელისუფლების ოპონენტები სტატუსისკენ მიმავალ გზაზე ერთადერთ დაბრკოლებად, მმართველი გუნდის პოლიტიკას აცხადებენ.