კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელშიც კანადის „მაგნიტსკის აქტის“ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების განმახორციელებელი პირების მიმართ გავრცელებაზეც არის საუბარი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყება განმარტავს, რომ კომიტეტის რეზოლუციაში, რომელიც უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში რუსეთის აგრესიას ეხება, აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომი, 2008 წელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაცია, 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსია, მონაწილეობა აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლიდან მიმდინარე კონფლიქტში და ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვრებთან მისი სამხედრო მოქმედებები შეშფოთებას იწვევს არამხოლოდ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აცხადებს, რომ განსაკუთრებით აღსანიშნავია ანგარიშის სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც თავდაცვის კომიტეტი კანადის აღმასრულებელ ხელისუფლებას შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს.