კამპანია მოსამართლეების წინააღმდეგ

ე.წ. ვეტინგის მოდელზე დავა პარლამენტის კედლებს გასცდა.

მოსამართლეების შესახებ შეურაცხმყოფელმა წარწერებმა თბილისის ქუჩები მოიცვა. აქცენტი მოსამართლის კეთილსინდისიერებაზე და ქონებრივ მდგომარეობაზეა. ზოგიერთ შემთხვევაში მითითებულია კონკრეტული გვარებიც. ხელისუფლება წარწერებს ცალკეული ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი კამპანიის ნაწილად მიიჩნევს. იგულისხმებიან ის პოლიტიკური აქტორები და უფლებადამცველები, რომლებიც ქართულ მართლმსაჯულებაში ვეტინგის სისტემის, ანუ უცხოელი ექსპერტების მიერ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურის დანერგვას ითხოვენ. მოთხოვნა ევროკავშირში გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ უფრო გაამძაფრა. იგულისხმება თუ არა ევროკომისიის ცხრა პუნქტიან დავალებაში სასამართლოს რეფორმირების შესახებ მეექვსე პუნქტში სწორედ ე.წ. ვეტინგის პროცედურის შემოღება – მხარეები რეკომენდაციას სხვადასხვანაირად კითხულობენ. საერთაშორისო კვლევების და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ფონზე მმართველი გუნდი ცალკეული უცხოელი პარტნიორებისგან და სასამართლოს შესახებ კრიტიკული განცხადებებით გამორჩეული პოლიტიკოსებისა თუ მესამე სექტორისგან ბოდიშს ითხოვს.