კამათი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე

ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს კომიტეტების გაერთიანებული სხდომა პარლამენტში.

დეპუტატები პოლიეთილენის პარკების აკრძალვასა და ქვეყანაში ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების საკითხს განიხილავენ. კანონმდებლების წინაშე მოხსენება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს უნდა წარედგინა, თუმცა მას ამის შესაძლებლობა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ არ მისცა. დამოუკიდებელი დეპუტატი ამბობს, რომ მას არა მოხსენება, არამედ კონკრეტული ინფორმაცია სჭირდება, აპირებს თუ არა სამინისტრო, მოქმედი აკრძალვის დროებით შეჩერებას ან გადავადებას.

სხდომაზე ჭიჭინაძეს დეპუტატი გია გაჩეჩილაძე დაუპირისპირდა, რის შემდეგაც მან სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას ესწრებიან დარგის წარმომადგენლები. მათი განცხადებით, აუცილებელია დადგენილების გადავადება ან აკრძალვის პარალელურად უნდა მოხდეს ბიო-დეგრადირებადი და პოლიეთილენის პარკების წარმოებაც, რაც მეწარმეებს იაფფასიან იმპორტთან კონკურენციის საშუალებას მისცემს.