თელავში დღეს ერეკლეობას აღნიშნავენ. ქალაქში სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა. ბატონის ციხის სასახლეში შემოქმედებითი ანსამბლების კონცერტი იმართება. თელავის ისტორიულ მუზეუმში კი, ერეკლე მეფისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. ქალაქის მთავარ მოედანზე წარმოდგენილია წიგნის, ტურიზმის, ღვინის, ხალხური რეწვისა და სოფლის ნობათის პავილიონები. დღის ბოლოს თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი „მაკნატუნას“ წარადგენს.
დღევანდელ თარიღს ეხმაურება პრემიერ-მინისტრი: „ერეკლე მეორე იყო ბრწყინვალე სამხედრო სტრატეგი და შეუპოვარი მებრძოლი, თავისი ეპოქის განთქმული პოლიტიკოსი და რეფორმატორი. მის სახელს უკავშირდება საქართველოს გაერთიანებისა და მოდერნიზაციისაკენ მიმართული, ცოდნასა და განათლებაზე დაფუძნებული რეფორმები, მრეწველობისა და კულტურის განვითარება, სასულიერო სემინარიებისა და სკოლების, საერო თეატრის დაარსება. სამშობლოს წინაშე გამორჩეული მეფის უდიდეს ღვაწლს, მადლიერი ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.