კახა კალაძემ ნიკა მელიას უპასუხა.
„პოპულისტური“ – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კონკურენტის მოწოდებას დებატებში მონაწილეობის შესახებ. იცით, რომ საქართველოს პირველი არხი წინასაარჩევნო დებატების მუდმივ პლატფორმას წარმოადგენს. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ თბილისის მერს „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებაზე. კალაძის თქმით, ოპონენტები მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მისი ლანძღვით და მისი ოჯახის შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებულნი და თბილისთან დაკავშირებით არანაირი ხედვა და საარჩევნო პროგრამა არ წარუდგენიათ. მერობის კანდიდატმა პირველ ტურამდე გამართულ დებატებში მელიას საქციელიც გაიხსენა.
შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს საქართველოს პირველი არხის ეთერში თბილისის მერობის 18-ვე კანდიდატს შორის დებატები მოეწყო. მელიამ დებატებში კახა კალაძესთან ერთად მონაწილეობაზე უარი თქვა და მისასალმებელი სიტყვის შემდეგ სტუდია დატოვა.