ჯოზეფ ბორელის გზავნილები - შეფასებები თბილისში

„ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებებსა და მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე ჯოზეფ ბორელის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეფასებები მოჰყვა თბილისში. „ქართულ ოცნებაში“ ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ბორელის გუშინდელი განცხადებები საქართველოზე, რეალობას აცდენილია. განსხვავებულია ხელისუფლების ოპონენტების შეფასებები. მათი თქმით, ჯოზეფ ბორელის განცხადება მძიმედ აისახება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე. ოპოზიცია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან გაკეთებულ გზავნილებთან დაკავშირებით მმართველ გუნდს ადანაშაულებს.

„მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის გადამწყვეტი ტესტი იქნება“ – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა, ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ხრის ავტორიტარიზმისკენ. სწორედ ამიტომ ევროკავშირში გაწევრიანების

პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. ბორელმა მოლდოვაში მოახლოებულ არჩევნებზეც ისაუბრა და თქვა რომ, რუსეთის მზარდი დაშინების მიუხედავად, მოლდოვამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.