ბელგიის პოლიციამ შვედეთის ორი მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი გაანეიტრალა. ეჭვმიტანილს პოლიციამ კაფეში ესროლა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიყენებული ჭრილობის შედეგად, მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანის დროს დაიღუპა. ბელგიის პროკურატურა და ბრიუსელის მერი ადასტურებენ, რომ მასშტაბური სამძებრო ოპერაციის შემდეგ, ეჭვმიტანილი განეიტრალებულია. აღმოჩენილია თავდასხმის იარაღი. ბრიუსელის მერის, ფილიპ ქლოზის განცხადებით, ტერორისტულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა. ეჭვმიტანილი ტუნისელი, 45 წლის აბდესლამ ლასუედია, რომელმაც ბელგიაში თავშესაფარი 2019 წელს მიიღო. ტუნისელი მამაკაცი ბელგიაში 2016 წლიდან ცხოვრობდა, პოლიციის ყურადღება იმავე წლიდან მიიქცია, როგორც რადიკალიზებულმა პიროვნებამ, რომელსაც ჯიჰადის კონფლიქტურ ზონაში სურდა წასვლა. ბრიუსელში თავდასხმის შემდეგ, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, ტერორისტული საფრთხის დონე ოთხამდე, უმაღლეს დონემდე გაიზარდა. მომხდარის გამო, ბელგიის დედაქალაქში მიმდინარე „ევრო 2024“-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ბელგია-შვედეთს შორის შეწყდა.
„ბრიუსელში განხორციელებული თავდასხმა აჩვენებს, რომ ევროპელებმა უნდა გააძლიერონ უსაფრთხოება“ – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ბორელმა ბრიუსელის თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარი ესპანეთში გააკეთა, სადაც ევროკავშირის პირველი ერთობლივი სამხედრო წვრთნები იმართება.