ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის შეხვედრა

ექვსი წლის შემდეგ პირველად, ჩინეთის ლიდერი აშშ-ში ჩავიდა. ჩინეთი არავისთან აპირებს არც ცივ და არც ცხელ ომს, განაცხადა სი ძინპინმა აშშ-ს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ და გამოთქვა მზაობა, ჩინეთი იყოს შტატების პარტნიორი და მეგობარი.

ურთიერთპატივისცემა, მშვიდობიანი თანაცხოვრება და მომგებიანი თანამშრომლობა – ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, ეს ურთიერთობის ფუნდამენტური პრინციპებია. მისივე განმარტებით, ჩინეთი არასოდეს დებს ფსონს აშშ-ის წაგებაზე, არასოდეს ერევა აშშ-ის საშინაო საქმეებში და არ აპირებს მის გამოწვევას ან შეცვლას და მიესალმება თავდაჯერებულ, ღია, განვითარებად და აყვავებულ აშშ-ს.

ანალოგიურად, აშშ-მა არ უნდა დადოს ფსონი ჩინეთის წაგებაზე, თავი შეიკავოს ჩინეთის საქმეებში ჩარევისგან, ეს სი ძინპინის მთავარი სათქმელი იყო. პირდაპირი, ღია, მკაფიო სამხედრო კომუნიკაციები განახლდება – ასეთია აშშ-ს პრეზიდენტისთვის შეხვედრის შედეგი.

ჯო ბაიდენის თქმით, ლიდერებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებულ მთავარ კონფლიქტზე – ტაივანზეც ისაუბრეს. ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა ტაივანის სრუტეში. აშშ-ს პრეზიდენტის შეფასებით, ეს იყო ყველაზე კონსტრუქციული და პროდუქტიული საუბარი.