ცნობილ მსახიობს, ჯემალ ღაღანიძეს დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. მას რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ, სადაც ამ წუთებში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
გამორჩეული და განსხვავებული სამსახიობო ოსტატობის წყალობით, ჯემალ ღაღანიძემ მაყურებელს თავი განსაკუთრებით შეაყვარა. 1956 წლიდან, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. ჯემალ ღაღანიძე იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის, ღირსების ორდენისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზის მფლობელი. 2011 წელს კი, მსახიობს რუსთაველის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.
ჯემალ ღაღანიძე 3 თებერვალს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.