მსახიობი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა

89 წლის ასაკში, საქართველოს სახალხო არტისტი, მსახიობი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა. 1956 წლიდან, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეულ სახეს, შესრულებული აქვს მთავარი როლები ათეულობით სპექტაკლსა და ფილმში. ჯემალ ღაღანიძე იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის, ღირსების ორდენის, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზის მფლობელი. 2022 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსი. რუსთაველის თეატრის წინ, ჯემალ ღაღანიძის „ვარსკვლავი“ 2011 წელს გაიხსნა.

მსახიობის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს აქვეყნებს საქართველოს პრემიერი.
„მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო. ჯემალ ღაღანიძემ თავისი გამორჩეული კეთილშობილებით, ნიჭითა და შემოქმედებით უამრავ თაყვანისმცემელს არაერთი საყვარელი პერსონაჟი აჩუქა. თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი“. – წერს პრემიერი სოცილურ ქსელში.