ცნობილი მსახიობი ჯემალ ღაღანიძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ის რუსთაველის თეატრიდან გამოასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. პანაშვიდზე იმყოფებოდნენ რიგითი მოქალაქეები, მსახიობის კოლეგები და პოლიტიკოსები – ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. გამორჩეული და განსხვავებული სამსახიობო ოსტატობის წყალობით, ჯემალ ღაღანიძემ მაყურებელს თავი განსაკუთრებით შეაყვარა. 1956 წლიდან, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. ჯემალ ღაღანიძე იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის, ღირსების ორდენისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზის მფლობელი.
2011 წელს კი მსახიობს რუსთაველის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. ჯემალ ღაღანიძე 3 თებერვალს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.