ლეგენდარული ქართველი ხელბურთელის, ჯემალ ცერცვაძის ავტობიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის საკონფერენციო დარბაზში. ღონისძიებას ჯემალ ცერცვაძის ოჯახის წევრებთან ერთად, ქართული ხელბურთის წარმომადგენლები და ფედერაციის მაღალჩინოსნები დაესწრნენ. წიგნის ავტორი დემიკო ლოლაძეა, მასში დეტალურად არის აღწერილი ლეგენდარული ხელბურთელის სპორტული კარიერა და მისი მიღწევები. ჯემალ ცერცვაძე საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონია. საუკეთესო ბომბარდირის ტიტული ცერცვაძემ კარიერაში 10-ჯერ მოიპოვა. ასევე აღსანიშნავია, რომ ცნობილი ქართველი ხელბურთელი სამჯერ მოხვდა მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში. ორჯერ კი ის მსოფლიოს ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ აღიარეს. ჯემალ ცერცვაძე 2019 წელს გარდაიცვალა. ფედერაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, იგეგმება ქართულ ხელბურთზე ფილმის გადაღება. ასევე წიგნების ციფრული ვერსიების გამოშვება.