ახალი სკანდალი, რომელიც საერთაშორისო დღის წესრიგის მთავარი თემა ხდება.
საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი აშშ-სა და დანიას განმარტებებს სთხოვენ. საუბარია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატების „ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო“ დანიის სამხედრო დაზვერვის სამსახურთან ერთად ევროპელ მაღალჩინოსნებზე ფარულ მიყურადებას ინტერნეტ-კაბელის საშუალებით აწარმოებდა და მათ წინააღმდეგ სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდა. ეჭვებს აძლიერებს ის ფაქტიც, რომ დანიაში განთავსებულია სადგური, რომლის გავლით ინტერნეტი ნორვეგიას, შვედეთს, გერმანიას, ნიდერლანდებსა და დიდ ბრიტანეთს მიეწოდება. ვაშინგტონი და კოპენჰაგენი ჯერ განმარტებებს არ აკეთებენ, ევროპის ქვეყნები დეტალურ ინფორმაციას და გამოძიების შედეგებს ელოდებიან.