ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის პირველ ტალღას გადალახულად მიიჩნევს.
ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებმა და ჯანდაცვის მინისტრებმა დღეს ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება ონლაინ-კონფერენციის ფორმატში გაუზიარეს. მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის მონაწილეებს თბილისიდან ჩაერთო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრიც.
110 ქვეყანა თანხმდება, რომ ვირუსის წარმომავლობის დასადგენად საჭიროა საერთაშორისო გამოძიების დაწყება. თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვთ ჩინეთსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას – მათი აზრით, პანდემიით შექმნილი კრიზისული სიტუაციის გათვალისწინებით, ამ საკითხის გააქტიურება ნაადრევია. ჩინეთის პირველმა პირმა დღეს დააანონსა, რომ მისი ქვეყანა მომდევნო ორი წლის განმავლობაში პანდემიით დაზარალებული ქვეყნებისთვის ორი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოყოფს. როგორც მოსალოდნელი იყო, გამოსვლისას ჩიენთის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიმართ კრიტიკული იყო ამერიკის წარმომადგენლის ტონი.