თავდაცვიდან ჯანდაცვაში – ეკატერინე ტიკარაძეს ზურაბ აზარაშვილი შეცვლის.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოზიცია „დელტას“ და „თბილავიამშენის“ ხელმძღვანელის პოსტი, ოთხ ბანკში მუშაობის გამოცდილება, – ასე გამოიყურება მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრის ბიოგრაფია. პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები აზარაშვილის კანდიდატურის შეფასების დროს განსაკუთრებულ აქცენტს ფინანსების მართვის ძლიერ უნარებზე აკეთებენ და ამ კონტექსტში სამინისტროს ბიუჯეტზე მიუთითებენ, რომელიც მთელი ქვეყნის ბიუჯეტის ერთი მესამედია. სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე აზარაშვილს დღეს არ უსაუბრია, ისევე როგორც პანდემიის მართვის პოლიტიკასა და ვაქცინაციაზე. ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მის კვალიფიკაციას ეჭვქვეშ აყენებს ოპოზიცია, მთავრობის ახალი წევრისგან ექიმები პირველ რიგში პანდემიის მართვის პოლიტიკის წარდგენას ელოდებიან. სამედიცინო სფეროში ასევე განსაკუთრებული ინტერესია, თუ რა მიდგომა ექნება ახალ მინისტრს წინამორბედის დროს მიღებული რამდენიმე სადავო გადაწყვეტილების მიმართ.