ჯანდაცვის მინისტრის საპარლამენტო მოსმენამ ოპოზიციის მხოლოდ ნაწილის თანდასწრებით ჩაიარა.
ზურა აზარაშვილმა დეპუტატების შეკითხვებს მინისტრის საათის ფორმატში უპასუხა. დაისვა კითხვები მიხეილ სააკაშვილზე და ყველა იმ აქტუალურ პრობლემაზე, რომელთა გამოც უწყება ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. მინისტრს ჰკითხეს, თუ რა გეგმა აქვს რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართ, რომლის ჯერ სრულად დემონტაჟი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი კლინიკის მშენებლობა დაანონსდა, თანამშრომლების პროტესტის შემდეგ კი გეგმა, სავარაუდოდ, შეიცვლება. კანონმდებლები დაინტერესდნენ აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების სამკურნალო წამლის შემოტანის ვადებით და ცალკეული მედიკამენტების გაძვირების მიზეზით. რაც შეეხება სამომავლო პროექტებს, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების უცხოეთში მკურნალობის სრულად დაფინანსება, ინფექციური კლინიკის ახალი შენობის და ახალი ფსიქიატრიული დაწესებულებების მშენებლობა, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარების 200 ლარამდე გაზრდა და დევნილებისთვის ახალი კორპუსების აშენება სამინისტროს წლევანდელ გეგმებს შორის დასახელდა.