იუსტიციის საბჭოში დარჩენილი ორი თავისუფალი ადგილი პოლიტიკური დაპირისპირების მთავარი თემა ხდება.
ვნებათაღელვა მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუშინდელი კენჭისყრის დროს სამ კანდიდატს მხარი დაუჭირა და შედეგად ტაბლოზე მათ ასარჩევად საჭირო 90-ზე მეტი ხმა დაფიქსირდა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ იძულებით წასული დეპუტატების ნაწილი თავს იმართლებს და გადაწყვეტილებას კონკრეტული კანდიდატების გარშემო გუნდში მიღწეული წინასწარი შეთანხმებით ხსნის, რასაც ყოფილი თანაფრაქციელები უარყოფენ. 3/2-ზე ან 4/1-ზე, ანუ ორივე მხარისთვის სასურველ კანდიდატებზე კომპრომისული შეთანხმების მოდელს, რაც გუშინ ნიკა მაჭუტაძემ ახსენა, მმართველ გუნდშიც ადასტურებენ და ამტკიცებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ მათთვის სასურველი ორი ან ერთი კანდიდატის გაყვანის სანაცვლოდ ხელისუფლებისთვის მისაღები კანდიდატურების მხარდაჭერას სთავაზობდნენ. ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების და შიდა ოპოზიციური უთანხმოების ფონზე პარლამენტი იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრთა ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად ემზადება. კენჭისყრამდე ორი კვირა რჩება, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ამჯერადაც ნაკლებად სავარაუდოა – „ქართული ოცნება“ ოპონენტებისთვის მისაღები კანდიდატურების მხარდაჭერას გამორიცხავს.