იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევა

გაუგებრობა თუ გარიგების შედეგი – პარლამენტში ჩატარებულმა დღევანდელმა კენჭისყრამ ოპოზიციაში შიდა დაპირისპირება გამოიწვია.

საბჭოს წევრობის სამი კანდიდატის მხარდამჭერ ხუთ ოპოზიციონერ დეპუტატს დანარჩენი ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ მანდატებით ვაჭრობაში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა ე.წ. კლანის გაძლიერებაში ადანაშაულებს. იუსტიციის საბჭოში არამოსამართლე წევრების ხუთი ვაკანტური ადგილის შევსებას ქვეყანას ევროკომისიის ერთ-ერთი პუნქტიც ავალდებულებს. ამიტომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების კონტექსტში ხელისუფლება ხუთ ოპოზიციონერ დეპუტატს მადლობას უხდის, დანარჩენ ოპოზიციას კი ევროპული პერსპექტივის მიზანმიმართულ საბოტაჟში სდებს ბრალს. ფაქტია, რომ, სახალხო დამცველის მსგავსად, პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა ვერც ამჯერად მოხერხდა. ოპოზიცია დეკემბერში გასაუბრების შედეგად შერჩეული იუსტიციის საბჭოს წევრობის 30 კანდიდატიდან იმ ხუთ კანდიდატურას უჭერდა მხარს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს. დღეს არჩეულ სამ ახალ წევრს შორის კი ამ ხუთი კანდიდატურიდან არცერთი არ არის.