3 აპრილს სადავო კანონპროექტის ხელახლა ინიცირებისთანავე შექმნილმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ პიკს მიაღწია.
საპარლამენტო განხილვები ფინალურ ეტაპზეა. ხვალ დეპუტატები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის პროექტს მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე გაიტანენ. ოპოზიცია ინიციატივის ჩაგდებას ხვალინდელი დებატების დროს კიდევ ერთხელ შეეცდება. ეს შესაძლებლობა ოპონენტებმა ვერ გამოიყენეს დღეს – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელმა სხდომამ და კანონპროექტის მესამე მოსმენით კენჭისყრამ ოპოზიციის დასწრების გარეშე ჩაიარა. მმართველი გუნდის გზავნილია, რომ სხდომაზე არ შესვლა წინასწარი გეგმა იყო.
განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც მათთვის ხელოვნურად შექმნილ პრობლემებზე მიუთითებენ. მეორე მოსმენისგან განსხვავებით, მესამე მოსმენა შინაარსობრივ განხილვას არ გულისხმობს. ამიტომ დღევანდელი სხდომა რამდენიმე წუთში დასრულდა.