იუნკრების ხსოვნის დღე

ყვავილები გმირთა მემორიალთან, ფოტოებით გაცოცხლებული 101 წლის წინანდელი მოვლენები და ოკუპაცია, რომელიც დღესაც გრძელდება – საქართველო საკუთარ გმირებს იხსენებს.

23 თებერვალი ქართველი იუნკერების ხსოვნის დღეა. თითქმის ერთი საუკუნის წინ, მათი თავგანწირვა და თბილისის მისადგომებთან რუსული არმიისთვის გაწეული წინააღმდეგობა საქართველოს ისტორიაში დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. კოჯორსა და ტაბახმელაში რუსეთის მე-11 არმიასთან უთანასწორო შეტაკებები ქვეყნის გასაბჭოებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ემიგრაციაში წასვლით და კომუნისტური მმართველობის დამყარებით დასრულდა, თუმცა ეროვნულ არმიასთან ერთად მებრძოლი ქართული სამხედრო სასწავლებლის სტუდენტების თავგანწირულმა ბრძოლამ, რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, მოწინააღმდეგეს პოზიციები არაერთხელ დაათმობინა და უკან დაახევინა.