იტალიელი სპეციალისტები გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას სწავლობენ. ისინი საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, მონასტერში არსებული მდგომარეობის პირველად დაკვირვებას ახდენენ, რის შემდეგაც სამუშაოების მომდევნო ეტაპი დაიგეგმება. სასულიერო პირების თქმით, დასკვნის შემდეგ კონსერვაცია-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება.
გელათის რეაბილიტაცია საპატრიარქომ რამდენიმე თვის წინ გადაიბარა. დაგეგმილ პროცესებთან დაკავშირებით, პრეზენტაცია პატრიარქის მოსაყდრემ გამართა, ღონისძიებას პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა. სასულიერო პირების თქმით, ამ ეტაპზე ძეგლში წყლის ჩადინება შეჩერებულია. პრობლემის აღმოსაფხვრელად კი გელათის ერთიან გადახურვაში მოქცევა არის საჭირო. განსახორციელებელი სამუშაოების გეგმა საზოგადოებისთვის მომავალ თვეში გახდება ცნობილი.