პოლიტიკური ვნებათაღელვის ახალი თემა მეცხრე კლასის ისტორიის სახელმძღვანელო ხდება.
წიგნში მე-17 საუკუნის შემდეგ განვითარებული ისტორიული პროცესები, მათ შორის 90-იანი წლების შემდგომი მმართველობის ყველა ეტაპი და ქვეყნის ყოფილი მმართველების ბიოგრაფიებია აღწერილი. თუმცა, ოპოზიციის ერთი ნაწილის მწვავე პროტესტს მხოლოდ ცხრა წლის წინ განვითარებული მოვლენების აღწერა და ამ მოვლენებთან დაკავშირებული მთავარი გმირის შესახებ მონაცემები იწვევს. საუბარია 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების პერიოდის ამსახველ ეპიზოდზე და იმ ჩანაწერზე, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიოგრაფიულ მონაცემებს შეიცავს. ხელისუფლების ოპონენტები ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედად და მეცენატად მოხსენიებით არიან აღშფოთებულები. დავის საგნად იქცა აგვისტოს ომის მოვლენების აღწერაც. ოპოზიციის ნაწილი მმართველ გუნდს ისტორიის გადაწერის მცდელობაში ადანაშაულებს. ისტორიის წიგნში მხოლოდ ფაქტების კონსტატაციაა და არა შეფასებები – ასეთია ხელისუფლების პასუხი, რომელიც ოპონენტებს ახსენებს, რომ ივანიშვილს ქველმოქმედებაში 3 მილიარდი აქვს დახარჯული.