საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევაში რამდენიმე მიმართულებაზეა გამახვილებული ყურადღება მათ შორის: კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები მომდევნო შაბათს რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 19 პროცენტი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“, 14 პროცენტი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიებს „საქართველოსთვის – გიორგი გახარიას“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ ხმას მისცემდა სამ- სამი პროცენტი. „ლეიბორისტული პარტია“, შალვა ნათელაშვილი, „ლელო“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ხალხისთვის- ანა დოლიძე“, „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – ხმას მიცემდა ორ-ორი პროცენტი. „კონსერვატიული მოძრაობა, ალტ-ინფო“, „დროა“, ელენე ხოშტარია, „ევროპული საქართველო, გიგა ბოკერია“- ერთი პროცენტი. „პატრიოტთა ალიანსს“, „ხალხის ძალას“ და სხვას, ერთ პროცენტი ნაკლები დაუჭერდა მხარს. გამოკითხულთა ხუთი პროცენტი კი აცხადებს, რომ მონაწილეობას არ მიიღებდა. კითხვაზე პასუხი არ იცის 20 პროცენტმა, პასუხზე უარი განაცხადა გამოკითხულთა შვიდმა პროცენტმა.
კვლევის მიხედვით, პერსონების რეიტინგში პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: პატრიარქი ილია მეორე მისაღებია – 91%-სთვის, კახა კალაძე – 52% -სთვის; სალომე ზურაბიშვილი 48%-სთვის – ირაკლი ღარიბაშვილი – 43%-სთვის – მისაღები; გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი – 36 – 36 პროცენტისთვის მისაღები.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, ინსტიტუციების რეიტინგში ქართული ჯარი ლიდერობს. მოწონების მაჩვენებლით მეორე ადგილზეა საპატრიარქო, ხოლო მესამეზე – პოლიცია. რაც შეეხება საგარეო კურსს, გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი უნდა იყოს მხოლოდ ევროკავშირი და დასავლეთი.
კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ არა, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, სრულად უჭერს მხარს – 75%; კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 63 პროცენტი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირს ასახელებს. მეორე ადგილზე კი ამერიკის შეერთებული შტატებია. ასევე გამოკითხულთა 65 პროცენტი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას სრულად უჭერს მხარს.
IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.