„აიარაის“ ბოლო კვლევამ პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გამოკითხვის შედეგებს არ ენდობა და მიზეზად კვლევითი სამუშაოების ჩამტარებელი კომპანიის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს ასახელებს. პრეტენზიები აქვს რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასაც. ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას კი კვლევის შედეგები ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაში კიდევ უფრო არწმუნებს. ყველაზე რეზონანსული გამოკითხვის ის ნაწილი აღმოჩნდა, რომლის მიხედვით გამოკითხულთა 72 %-ს პოლიტიკაში ახალი პარტიების გამოჩენა სურს – მარტის მონაცემებთან შედარებით ეს მაჩვენებელი 12%-ით გაზრდილია. 42%-ის აზრით კი, მოქალაქეების ინტერესს არც ერთი პოლიტიკური ძალა არ გამოხატავს. პოლიტიკურ წრეებში სადავო აღმოჩნდა პერსონალური რეიტინგებიც – ხუთეულში ანა დოლიძის სახით ოპოზიციონერი პოლიტიკოსიც მოხვდა, რომელიც მოწონების მაჩვენებლით პრეზიდენტს უსწრებს.
13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარებული კვლევის დროს პირისპირ ინტერვიუს სახით 1 500 ადამიანი გამოიკითხა.