ირანში დაპირისპირება გრძელდება

ირანში დაპირისპირება გრძელდება. თეირანში მთავრობის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. აქციები 80-მდე ქალაქში იმართება. უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირებას, სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა. მომიტინგეებმა ნაგვის დიდი კონტეინერები დაწვეს და რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა გადაკეტეს. გავრცელებული ინფორმაციით, დააკავეს ათობით მომიტინგე. უსაფრთხოების ძალები კარდაკარ დადიან იმ სახლებსა და მაღაზიებში, სადაც პროტესტის მონაწილეები თავს აფარებენ.

აქციის მონაწილეები 22 წლის ეროვნებით ქურთი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას აპროტესტებენ, რომელიც მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორი ტარებისთვის დააკავა. დაკავების ცენტრში გადაყვანის შემდეგ, ახალგაზრდა ქალს გული წაუვიდა. როგორც მედია წერს, მოგვიანებით გავრცელდა ცნობები, რომ პოლიციამ ირანელი ქალი ხელკეტებით სცემა. მოგვიანებით ის გარდაიცვალა.