ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მუჰამედ ჯავად ზარიფი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემები იყო რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, როგორც რეგიონის ეკონომიკური განვითარების, ასევე რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
შეხვედრაზე ორმხრივ და რეგიონულ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო პანდემიის მხრივ ორივე ქვეყანაში არსებულ ვითარებას და სამომავლო გეგმებს. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმარმა პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკო გმირთა მემორიალი. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს დღეს დილით რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეწვია. დიპლომატს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.