ირანი ისრაელზე დარტყმისთვის ემზადება

საერთაშორისო მედიის ყურადღება მიმართულია ახლო აღმოსავლეთისკენ, სადაც ვითარება უკიდურესად დაძაბულია.

ისრაელის შეიარაღებული ძალების მხრიდან „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის მკვლელობის შემდეგ, მსოფლიო ახლა ირანის საპასუხო ზომების მოლოდინშია. ისრაელზე მოსალოდნელი თავდასხმის წინ, ირანმა ავიაკომპანიები ქვეყნის საჰაერო სივრცეში „ჯიპიეს“ სიგნალის პოტენციური შეფერხების შესახებ უკვე გააფრთხილა. განცხადების თანახმად, შეფერხება შეეხება ირანის დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებს. ირანი ავიაკომპანიებს ურჩევს შეცვალონ კურსი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 13 აპრილის თავდასხმასთან შედარებით, როდესაც ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა და უპილოტო აპარატი გაუშვა, ამჯერად თელავივი უფრო აგრესიულ თავდასხმას ელოდება. ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ირანის და „ჰეზბოლას“ თავდასხმა შესაძლოა 5 აგვისტოს დაიწყოს. ჩრდილოეთ ისრაელის მერებთან და ადგილობრივი საბჭოების ლიდერებთან შეხვედრისას, ისრაელის თავდაცვის ძალების ჩრდილოეთ სარდლობის მეთაურმა, ორი გორდინმა განაცხადა, რომ სამხედროების შეტევითი გეგმები მზადაა „ჰეზბოლასთან“ პოტენციური კონფლიქტისთვის. გასულ კვირას თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ, ირანი ისრაელს საპასუხო ზომებით ემუქრება.