ოფიციალური თბილისი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმისგან ითხოვს განმარტებებს, რამ იმსხვერპლა 29 წლის ირაკლი კვარაცხელია.
ახალგაზრდა მამაკაცი გალში ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებიდან საათნახევარში გარდაიცვალა. არაღიარებული ხელისუფლების ვერსია, რომ დაკავებულმა ახსნა-განმარტების წერის დროს თავი მოიკლა, ეჭვქვეშ დგას. მითუმეტეს, რომ „მოამბესთან“ საუბრისას დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრიც ახსენებს ფრაზას, „გაურკვეველი ვითარება“.
გახდა თუ არა ახალგაზრდა მამაკაცი არაადამიანური მოპყრობის და ძალადობის მსხვერპლი – კითხვებს გამოძიებამ და ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი. საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად დღეს სოხუმში ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ჩავიდნენ.